მნიშვნელოვანირეგიონი

“ენმ,, გურჯაანის ერთ-ერთი სტადიონისათვის გიორგი ქოჩორაშვილის სახელის მინიჭებას და გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდებას ითხოვს

გაიზიარებს თუ არა, გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობა ოპოზიციის ინიციატივას ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილზე?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს ინიციატივით მიმართეს.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილი, ფრაქციის სახელით, საკრებულოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე გამოვიდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გურჯაანის ერთ-ერთ სტადიონისათვის გიორგი ქოჩორაშვილის სახელის მინიჭებას, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ნაკრების წევრების ბანერის განთავსებას და ქოჩორაშვილისათვის გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას ითხოვს.

“ვადასტურებ, რომ ფრაქციის სახელით მივმართე საკრებულოს სხდომას. ვითხოვთ, რომ გურჯაანის ერთ- ერთ სტადიონს მიენიჭოს გიორგი ქოჩორაშვილის სახელი, ცენტრში განთავსდეს ბანერი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 26 მარტის გმირების პოსტერები და შუამდგომლობით მივმართე მუნიციპალიტეტის მერს,გიორგის მიენიჭოს გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება. სისმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რადგან მაშინვე თავები ჩაქინდრეს. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გაზიარებას აპირებენ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვნახოთ, რას იზამენ”- განაცხადა ბუწაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო ბერიძიშვილმა, ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივა ვერ გაიხსენა.

” რა ინიციატივაზეა ლაპარაკი არ ვიცი, არაფერზე გვიმსჯელია. რა ვიცი, ალბათ შემოიტანენ და ჩამოვყალიბდებით. ჯერ კომისიებმა უნდა განიხილონ და შემდეგ, საკრებულომ”- განაცხადა ბერიძიშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა, დაადასტურა რომ ინიციატივა ნამდვილად არსებობს, თუმცა განმარტა რომ ფრაქციის წინადადების გარეშეც, გურჯაანის მერიას შესაბამისი გეგმა აქვს.

” ჩვენ ამის გარეშეც ვმუშაობთ, რომ გავაკეთოთ გიორგი ქოჩორაშვილის ბანერი, რომელიც გურჯაანის შესასვლელში განთავსდება. გიორგი ყველას გვეამაყება, ვეთანამშრომლებით და ვემეგობრებით მის ოჯახს, გავდივართ მათთან კონსულტაციებს. ასევე მზადდება კლიპი, რომელიც მთლიან ნაკრებს შეეხება. რაც შეეხება, საპატიო მოქალაქეობას, გიორგი ისეთი მორიდებულია, შეიძლება არც დაგვთანხმდეს”- განაცხადა მაჭავარიანმა.

კანონით გაწერილი პროცედურების დაცვით, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საკრებულოს და მერიას, უახლოეს დღეებში მიმართავს.

გიორგი ქოჩორაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გურჯაანიდანაა. გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრია მისი ბიძა, სიმონ ქოჩორაშვილი.

ქოჩორაშვილმა 26 მარტს, ევროპის ჩემპონატის შესარჩევ მატჩზე, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრაზე, პირველი პენალი გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button