მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება

ფსბ აცხადებს რომ აღკვეთა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე თავდასხმა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება.

ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.

“ჩვენ ვერ წარმოვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ომი ჯერ არ დასრულებულა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მშვიდობის დამყარება ყირიმის დაბრუნების გარეშე.

“მაშინ ეს გამარჯვება არ იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ფსბ აცხადებს, რომ აღკვეთა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე თავდასხმა. ორშაბათს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც თავდასხმას ამზადებდა. ფსბ-ს თანახმად, ის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო გადაბირებული.

ფსბ-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი 1988 წელს არის დაბადებული. მან უკრაინის ტერიტორიაზე გაიარა „დაზვერვისა და დივერსიული საქმიანობის კურსი“ და ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მიმდინარე წლის ივნისში ჩავიდა. ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანი აქსიონოვის მანქანის აფეთქებას გეგმავდა. ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ამ ინფორმაციას უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

ფსბ რეგულარულად აცხადებს ხოლმე უკრაინული მხარის მიერ დაქირავებულ პირთა დაკავებას, რომლებიც, სავარაუდოდ, ამზადებდნენ ტერორისტულ თავდასხმებს და დივერსიულ აქტებს რუსეთის ტერიტორიაზე. ვებსაიტი Krym.Realii, კერძოდ, იხსენებს, რომ 3 მაისს ფსბ-მ გამოაცხადა უკრაინისა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქის დაკავების შესახებ, რომლებიც თითქოს თავდასხმას ამზადებდნენ ყირიმის რუსულ ხელმძღვანელობაზე. მოსკოვმა მაშინ განაცხადა, რომ ჯგუფი შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის მიერ.

ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის მინიმუმ 16 მოქალაქე გაასამართლეს „ჯაშუშობისა“ და „დივერსიის“ ბრალდებით. 2015 წელს რუსეთის სასამართლომ რეჟისორ ოლეგ სენცოვს 20 წელი მიუსაჯა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების ბრალდებით. ასევე, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები „დივერსიაში“ ადანაშაულებენ ისლამური ორგანიზაციის „ჰეზბ უტ-ტაჰრირის“ წარმომადგენლებს. ეს საერთაშორისო რელიგიური მოძრაობა ლეგალურია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ რუსეთში 2003 წლიდან აიკრძალა, იქ ის ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button