ბრიტანელი მუსიკოსი Baron Goodlove ბლუზვილიჯის სცენაზე

დღეს, 5 აგვისტოს, 20:00, ბლუზვილიჯის სცენაზე სადებიუტო ალბომის პრეზენტაციით ბრიტანელი მუსიკოსი, სასცენო სახელით „ბარონ გუდლავ“ წარსდგება. მას აკომპანირებას მამუკა ჩიხლაძის ბენდი „ბლუზ ფაქტორი“ გაუწევს. – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს.

“უცხოელ შემსრულებლებთან ერთად ქართული ჯგუფების გამოსვლა გამოცდილების გაზიარების და პროფესიონალიზმის ამაღლების საშუალებაა. ფესტივალის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს ბლუზის განვითარებას, წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები და პუბლიკას მოასმენინოს დახვეწილი, გემოვნებიანი მუსიკა. ამავდროულად, საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხში, ტურისტული პოტენციალის გაზრდას”, – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ლონდონელი ჯო ნესბით-ლარკინგი იგივე „ბარონ გუდლავ“ ახალგაზრდა, პერსპექტიული ბლუზგიტარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომელიც კლასიკური ჟღერადობის თანამედროვე მიდგომით გამოირჩევა. ბლუზისა და ჯაზის სიყვარული გაუჩნდა ოჯახში, მამისა და ბებიის აუდიოჩანაწერების მოსმენის შედეგად. გამოიმუშავა დაკვრის თავისუფალი, ურბანული სტილი და ინგლისური ბლუზის სცენაზე მსმენელთა პატივისცემა მოიპოვა. ამჟამად თავის ბენდთან ერთად „დრედფულ ნოიზ“ მუშაობს ორიგინალურ მუსიკალურ პროექტზე, რომლის წინ წასაწევად 2016 წლის ნოემბერში გამოუშვა გაფართოებული ჩანაწერი „ქამ ვოთ მეი,“ რომელიც მოიცავს რამდენიმე ლაივსესიას, ინტერვიუს „ბიბისისთან“, ღიღინით შესრულებულ ბობ ჰარისის „ანდერ ზე ეფლ თრიის“ სესიებს და ცოცხალ შესრულებას. 2017 წლის შემოდგომაზე გამოდის კიდევ ორი ახალი და სამი პოპულარული სიმღერის ჩანაწერი.

მამუკა ჩიხლაძის სახელი უკავშირდება ისეთ ლეგენდარულ ჯგუფს როგორიც არის ,,მძიმე ჯვარი”. მის საშემსრულებლო მანერაზე გავლენა მოახდინა ბლუზმა, რაც აისახა 2000-იან წლებში, მის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფ Blues Factor -ის შემოქმედებით განვითარებაზე. ჯგუფმა მუსიკოსების მთელი თაობა გამოზარდა და დღესაც პოპულარობით სარგებლობს ბლუზის მოყვარულთა შორის. მამუკა ჩიხლაძისეული გიტარაზე დაკვრის სტილი დღემდე ინარჩუნებს დრაივს და ბლუზის ტრადიციული ფესვებიდან მიღებულ ენერგეტიკას.

მსგავსი პოსტები

Back to top button