თურქეთში მოკლული ქართველი სამშობლოში ჩამოასვენეს

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ჩამოასვენეს.

ჩამოსვენების შემდეგ ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გარდაცვლილს ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაიყვანენ. ოჯახი თურქული მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს.

ოჯახის წევრები სარფში ჩამოსვენებას დილიდან ელოდებოდნენ. ძმები 39 წლის გივი მაჩაიძის მკვლელობის მოტივად კუთვნილ ხელფასს ასახელებენ. ამბობენ, რომ მას 900 ლირა ჰქონდა ასაღები. მათი თქმით, გივი მაჩაიძეს ჭრილობა ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე დაზიანებები აქვს ყელის არეში. ოჯახი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს. ამბობენ, რომ მკვლელობის დროს გივი მაჩაიძე მეგობარს და დას ტელეფონით დაუკავშირდა, შველას ითხოვდა, ისმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა, ქართულ და თურქულ ენებზე.

ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, გამოძიებას სთხოვს.

თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმღვანელმა შოთა სიხარულიძემ გაავრცელა.

 

ფოტო: კახა მჭედლიძე

მსგავსი პოსტები

Back to top button