თეთრი ფიონი: სტრასბურგში ფრანგ პოლიტიკოსს ფქვილი შეაყარეს [Video]

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, ფრანსუა ფიონს სტრასბურგში ფქვილი შეაყარეს. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ინციდენტი წინასაარჩევნო მიტინგზე მოხდა. როცა პოლიტიკოსი სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა, რათა შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსულიყო, უცნობი მამაკაცი დამსწრე საზოგადოების რიგებს გამოეყო და ფიონს პაკეტიდან ფქვილი შეაყარა.
ხულიგანი, რომელსაც მაისურზე წარწერა – „სტუდენტები ფიონთან არიან“ ჰქონდა, დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარი მომხრეების წინაშე მაინც წარდგა.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცმა წარწერიანი მაისური „შესანიღბად“ ჩაიცვა, რათა მიტინგზე მისასვლელად დაბრკოლება არ შეხვედროდა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, ფრანსუა ფიონს ამომრჩეველთა 18% მისცემს ხმას. წინასაარჩევნო მარათონში ლიდერობს მარინ ლე პენი „ეროვნული ფრონტიდან“, რომელსაც მხარს უჭერს ამომრჩეველთა 25%.

მსგავსი პოსტები

Back to top button