მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინას კვლავ მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება

სლოვაკეთი მზად არის, უკრაინისთვის საკუთარი მიგ-29 თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.
“თვითმფრინავები ახლა სლოვაკეთის ერთ-ერთ ბაზაზე იმყოფებიან, და ახლა მზად ვართ, უკრაინისთვის ამ თვითმფრინავების გადაცემა განვიხილოთ. სლოვაკეთის მთავრობისგან ველით გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნადმა.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის მთავრობა უკრაინის დაინტერესებას გაითვალისწინებს, ისევე როგორც მოკავშირე ქვეყნების პოზიციას.
“ჩვენ ახლა განვიხილავთ ამას, ჩვენ მათი [თვითმფრინავების] გადაცემა სწორედ უკრაინისთვის გვინდა”, – აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამერიკული „აბრამსისა“ და გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შემდეგ, უკრაინა დასავლეთისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას შეეცდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„შემდეგი დაბრკოლება ავიაგამანადგურებლები გახდება. თუ მათ მივიღებთ, ბრძოლის ველზე უპირატესობა უზარმაზარი იქნება. საუბარია არა მხოლოდ F-16-ზე, ჩვენ გვჭირდება მეოთხე თაობის თვითმფრინავები“, – ციტირებს „როიტერი“ იური საკს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ბირთვული იარაღის გარდა, მათ შესაძლოა, ნებისმიერი იარაღი მიიღონ.

რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი სამხედროების დამატებით მობილიზებას გეგმავს და აქტიურად მუშაობს, რომ მეტი შეიარაღება მიიღოს სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, მაგრამ რისი მიღწევაც უკრაინას შეუძლია ასეთ მოლაპარაკებებში, განუყოფლად არის დაკავშირებული სამხედრო ვითარებასთან.
იენს სტოლტენბერგი ასევე მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.
„რუსული ბირთვული რიტორიკა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. ის სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასოდეს მოიგებს და ამიტომ არ უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს და ჯერჯერობით რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ გვინახავს. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებდით. არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ თუ გსურთ ხვალ მშვიდობა, დღესვე უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა იარაღის მიწოდებაზე გადის“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დასავლური ტანკები უკრაინას მექანიზებული ომის წარმოებაში დაეხმარება.
“დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება დაეხმარება მას მექანიზებული ომის წარმოებაში რუსული ჯარების დასამარცხებლად და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის 300 ტანკი სჭირდებოდა.
გუშინ, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი აგრძელებს ირანთან სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სანქციების ორმხრივად აცილების მიზნით.
23 იანვარს, რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თეირანში შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ ღალიბაფს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ევროპის ქვეყნები უკრაინას 80 Leopard 2-ის ტანკს გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ევროპულ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად სურთ უკრაინისთვის სატანკო ბატალიონის შექმნა, რომელთაგან თითოეულში 40 ტანკი იქნება. მესამე ბატალიონის დაკომპლექტებას კი აშშ გეგმავს.
გერმანიის მიერ გადაცემული Leopard 2A6 ტანკები, სავარაუდოდ, შევა ბატალიონში, რომელშიც ფინეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები მონაწილეობენ. Leopard 2A4 ტიპის ტანკებისგან შემდგარ მეორე ბატალიონის დაკომპლექტებას კი პოლონეთი და ნორვეგია გეგმავენ.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ოთხშაბათს სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავენ, რათა შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ზელენსკი მადლობას უხდის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და გერმანელებს.
“გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცისა და ყველა ჩვენი მეგობრის გერმანიაში”, – წერს ზელენსკი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას ეხმაურება და აცხადებს, რომ კოალიცია “Leopard-მა” პარტნიორებთან ერთად იმუშავა.
“რამშტაინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, Leopard-ების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია “Leopard-მა” პარტნიორებთან ერთად იმუშავა! მართლაც, Leopard-ები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!
ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედეგს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯაროსკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას – გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს, გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.
მისივე თქმით, მიზანი იყო უკრაინისთვის სწრაფად შექმნილიყო Leopard 2-ის ტანკების ორი ბატალიონი და დაამატა, რომ პირველ ეტაპზე გერმანია თავისი მარაგებიდან 14 ტანკს გადასცემს.

მსგავსი პოსტები

Back to top button