“ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლე უკანონო მიწებს ფლობს” – TI

“ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლეს, ხათუნა თურმანაულს ახმეტის რაიონში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აქვს რეგისტრირებული”, – ამ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ხათუნა თურმანაულმა 2012 წლის 18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთზე (საერთო ფართობით 6.5 ჰა) ცალ-ცალკე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში ოცივე განცხადება დააკმაყოფილეს.

“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს უძრავი ქონება საკუთრებაში კანონის დარღვევით აქვს რეგისტრირებული;

კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს შეიცავს ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რადგან საკუთრების რეგისტრაცია მხოლოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე უნდა განეხორციელებინა.

ხათუნა თურმანაულის მეუღლე ვანო ნასყიდაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემების თანახმად, ნასყიდაშვილი 2002-2006 წლებში ახმეტის გამგებლის მოადგილე იყო, 2006 წელს კი გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე დაინიშნა. ამავე წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი ახმეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე გახდა. 2008 წელს კი ისევ გამგებლის მოადგილის პოზიცია დაიკავა. ის ამ დრომდე ამავე თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის დასადგენად”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button