ბაინდურაშვილი – GNCC-ის დავა და ჰერეთი ლიცენზიის მოლოდინში

საჯარო პირის, კახა ბაინდურაშვილის კომპანია შპს “ენერჯი გრუპი” კომისიას ედავება რატომ გაუუქმა 2013 წლის 26 აგვისტოს კონკურსზე გაცემული რადიო სამაუწყებლო ლიცენზია.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, საჯარო მოხელის და ამავდროულად შპს “ენერჯი გრუპის” მფლობელის კახა ბაინდურაშვილისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) შორის დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს განახლდება.

კახა ბაინდურაშვილი კომისიას ედავება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის უკანონოდ ჩამორთმევას და სასამართლოსგან იმის დადგენას მოითხოვს, არის თუ არა იგი საჯარო მოხელე.

მომსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა, 17 მარტს გამართულ სხდომაზე, აღნიშნულ დავაში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა რადიო ჰერეთს, რომელიც 2013 წლის 26 აგვისტოს გამართულ კონკურსში დედაქალაქში რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის მოსაპოვებლად ასევე ღებულობდა მონაწილეობას. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ძველმა შემადგენლობამ, საჯარო მოხელის კახა ბაინდურაშვილის კომპანია შპს “ენერჯი გრუპს” დაუჭირა მხარი და კომისიის დადგენილი წესების გვერდისავლით კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მოსამართლე  ჭიჭილეიშვილის  17 მარტის გადაწყვეტილება რადიო ჰერეთმა  მიმდინარე წლის მარტში გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

პარალელურად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიო ჰერეთთან სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ დავობს, რაც ჰერეთმა კომისიას პირველი ინსტანციის სასამართლო მოუგო.

კომისიის შუამდგომლობა სააპელაციომ დააკმაყოფილა და დავა იქამდე შეაჩერა, ვიდრე კახა ბაინდურაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია პირველი ინსტანციის პასუხს არ მიიღებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სრულიად უკანონოდ, აღნიშნული რადიო ჰერეთმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა და დეტალურად გამოაქვეყნა გადაწყვეტილება “ჰერეთის საქმესთან” დაკავშირებით.

მოსამართლეებმა ნუგზარ სხირტლაძემ, ლევან მაისურაძემ და მაია ვაჩაძემ სრულად გაიზიარეს რადიო ჰერეთის სარჩელი და განაცხადეს, რომ კომისიის სადავო აქტის (ლიცენზია) “ენერჯი გრუპისთვის” ბათილად ცნობის  საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ ლიცენზიის მაძიებლის სტატუსი (კახა ბაინდურაშვილის საჯარო მოხელეობა) და ის პროგრამულ მრავალფეროვნებაშიც გამოიხატებოდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 15 იანვარს “ენერჯი გრუპს” ლიცენზია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გაუუქმა.

კომისიამ გვიან დაადგინა, რომ შპს “ენერჯი გრუპის” წილის მფლობელი კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტია.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამაუწყებლო ლიცენზია არ შეიძლებოდა გაცემულიყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზედამხედველობს.

სასამართლო პროცესებს წინ უძღვოდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები. საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნები, რომლებიც რეკომენდაციით მიმართავენ კომუნიკაციების კომისიას ჰერეთის საქმე ხელახლა განიხილოს.

რადიო ჰერეთის ინტერესებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”იცავს, რომელმაც ჰერეთთან ერთად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართა, მთავრობის საჯარო პირების უკანონო ქმედებებზე. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატას, საქართველოს კანონმდბლობით პრემიერ-მინისტრი ზდამხედველობს.

რადიო ჰერეთი, რომელიც ამჟამად კახეთის რეგიონშია ბაზირებული, თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას მერვე წელია ცდილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button