საფინანსო კომპანია “საქართველოს”მეანაბრეები უჩივიან

საფინანსო კომპანია “საქართველოს” რომლის 100 % წილის მფლობელი წარმოშობით ლაგოდეხელი მერაბ ფერაძის ოჯახია პრობლემები შეექმნა.

კომპანიასთან შეკრებილი 20-მდე მეანაბრე კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვს.

როგორც მეანაბრეები ახალი ამბების საგენტო „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბაში აცხადებენ, ორი თვეა კომპანიისგან კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ. მათი ინფორმაციით, საფინანსო კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მეანაბრეებისგან მიღებული. კომპანიის კლიენტები ამბობენ, რომ უმეტესობას საფინანსო კომპანიაში ანაბარის სახით 5-დან 18 ათას დოლარამდე თანხა აქვს შეტანილი. ამგვარ პირობებში მეანაბრეების ნაწილი კუთვნილი თანხის მთლიანად დაბრუნებას ითხოვს.

”საფინანსო კომპანია საქართველოს” მთავარ ოფისთან კომპანიის წარმომადგენლები არ გამოსულან, ოფისის მინებიან შენობაზე ჟალუზებია ჩამოფარებული, დაცვის თანამშრომლის თქმით კი ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ იმყოფებიან, შენობაში კლიენტებს კი მორიგეობით უშვებენ. ერთ-ერთი მეანაბრის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი მერაბ ფერაძე მათ გასულ პარასკევს შეხვდა, სიები შეადგინა და ფულის დაბრუნებას დაპირდა. თუმცა კომპანიის კლიენტების თქმით, ამგვარი ვითარება უკვე ორი თვეა გრძელდება.”საფინანსო კომპანია საქართველოს” კლიენტები აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ტელეფონი გამორთული აქვთ ან მათ ზარებს არ პასუხობენ.

ერთ-ერთი მომხმარებელის განცხადებით, ”საფინანსო კომპანია საქართველოს” მფლობელებს ეროვნულმა ბანკმა 4 მილიონის ღირებული ქონება დაუყადაღა ლაგოდეხში, თუმცა კომპანიის დაცვის თანამშრომელი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ”საფინანსო კომპანია საქართველომ” ეროვნული ბანკისგან რამდენიმე დღის წინ ლიცენზია მიიღო”.

მისივე თქმით, როგორც ლიცენზიაშია გაწერილი, მომხმარებლებს, რომლებსაც 5 000 დოლარამდე თანხა აქვთ კომპანიაში შეტანილი, ხელშეკრულება 3 თვით გაუგრძელდებათ, 10 000 დოლარამდე თანხაზე ხელშეკრულება ოთხ თვემდე გრძელდება.

კომპანიასთან შეკრებილი მომხმარებლების განცხადებით კი, ვადის გახანგრძლივება კიდევ ერთი სატყუარაა ხალხის გასაჩერებლად.

„საფინანსო კომპანია საქართველო“ ფინანსურ ბაზაზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სესხის აღება, გაცემა და სალომბარდე მომსახურებაა.

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი „მერაბ ფერაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას  საჯაროდ გავრცელებული მობილური ტელეფონის ნომერი გამორთული აქვს.

მერაბ ფერაძე  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხში  როგორც დამოუკიდბელი კანდიდატი კენჭსაც იყრიდა.  მან სულ 543 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 1. 94 მეასედ პროცენტს შეადგენს.

ფერაძის მფლობელობაშია ასევე შპს “განთიადი”,რომელიც სპორტული აქტივობებითაა დაკავებული და  წყლისა და ლიმონათის  მწარმოებელი კომპანია “ჰერეთი”.

მან საპარლამენტო არჩევნებამდე ექს-პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც ფერაძე მისი როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენისა და მაჟორიტარობის კანდიდატის ხელშეშლებზე საუბრობდა

“მე გახლავართ მერაბ ფერაძე 51 წლის, დაბადებული და მცხოვრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. 1983 წლის შემოდგომიდან 2012 წლამდე ვმოღვაწეობდი რუსეთის ფედერაციაში. როდესაც შემისრულდა 45 წელი, 2012 წელს ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ჩემი სამშობლო და შესაბამისად, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილების და ინვესტიციის საქართველოში დაბანდება.

შევქმენი ქართული ოჯახი და დღეს ვარ ოთხი შვილის მამა. დავფუძნდი ჩემს კუთხეში და გადავწყვიტე ბიზნეს საქმიანობა გამეგრძელებინა ჩემი კუთხის ასაღორძინებლად და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან როცა ჩამოვედი რაიონში იყო ბევრი უმუშევარი და მოსახლეობას გვერდით დგომა სჭირდებოდა.

ჩამოსვლისთანავე დავიწყე ბიზნეს საქმიანობა, დღესდღეობით 15 სახეობის ბიზნესს ვაერთიანებთ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, სპორტული კომპლექსითა და საავადმყოფოთი დამთავრებული. დასაქმებული მყავს 300-ზე მეტი ადამიანი. მეგონა ჩემს მიერ დახარჯული ფინანსური და ადამიანური რესურსები ქვეყანას სჭირდებოდა და მას მიიყვანდა წარმატებამდე, მაგრამ სამწუხაროდ მივხვდი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს ჩემი საქმიანობა და აქტიურად დაიწყეს ხელის შეშლა.

წარმოებისთვის მესაჭიროებოდა შენობა ნაგებობები, თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის ბ-ნ კარლო ჯამბურიასა და კახეთის რეგიონის გუბერნატორის ბ-ნ ირაკლი შიოლაშვილის ხელის შეშლით ვერც ერთი შენობა ნაგებობა დღემდე ვერ დავარეგისტრირე. ძალიან დიდ წინაღობებს ვაწყდები ადგილობრივ სასამართლოებშიც. სამოქალაქო დავაა მიწის ნაკვეთზე, ქართველ მოსამართლეებს 4 წლის განმავლობაში ვერ გადაუწყვეტიათ ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი.

სასამართლოს სხდომებზე მოსამართლეები ისე მეპყრობიან, თითქოს მათ წინაშე მაქვს უზარმაზი ვალი, თითქოს მე როგორც საქართველოს მოქალაქე არაფერს არ წარმოვადგენ, ჩემი უფლებები არ არის დაცული და გადაწყვეტილებას როგორც უნდათ ისე ღებულობენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ “ბაქაქურმა” ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 56 000 (ორმოცდა თექვსმეტი ) ამერიკული დოლარი წამართვა და რუსეთის მოქალაქეს გადასცა. არსებული ფაქტებით მივმართე სახელმწიფო კანცელარიას, სახალხო დამცველის ოფისს, პროკურატურას, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა არც ერთი მხრიდან.

იძულებული ვარ მოგმართოთ პირადად თქვენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ თქვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია. მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ, ვინაიდან ვფიქრობ საქართველოში მსგავს სიტუაციაში ერთადერთი არ ვარ და ბევრ ბიზნესმენს ექმნება წინაღობები და მიმაჩნია ბაქაქურების, შიოლაშვილების და ჯამბურიების გამო არ უნდა ეშინოდეთ მსოფლიოს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების დაბანდება, რაც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.” – წერდა ფერაძე.

მისმა მხარდამჭერებმა ამ თემით აქციაც გამართეს და ლაგოდეხის გამგებლის კახა ჯამბურიას იმპიჩმენტიც მოითხოვეს.

მიმდინარე წლის ივნისში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის 200-მდე ოჯახი გამგებელს უყურადღებობაში და ბიზნესმენ მერაბ ფერაძის საქმიანობის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. აქციის მონაწილეები  კახა ჯამბურიას სოფელ ჭაბუკიანის სტადიონის და რამდენიმე ობიექტის ბიზნესმენის საკუთრებაში გადაცემას სთხოვდნენ. მათი თქმით გამგეობა მერაბ ფერაძის დისკრიმინაციას და ბიზნესსაქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევდა. მოსახლოებამ გამგებელს სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებაც მოსთხოვა. კახა ჯამბურია ბრალდებებს უსაფუძვლოს, პროცესებს კი მართულს უწოდებდა. ჯამბურია მაშინდელ პროცესს წინასაარჩევნო “ციებ-ცხელებად” აფასებდა.

ფერაძე საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთში მოღვაწეობდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button