“ლაგოდეხში ბრაკონიერები რეინჯერებს თავს დაესხნენ”

“ლაგოდეხში ბრაკონიერები რეინჯერებს თავს დაესხნენ”, – ამ ინფორმაციას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი გიორგი სულამანიძე ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა 7-8 აგვისტოს მოხდა, როცა ანტიბრაკონიერულ ღონისძიებებს ატარებდნენ.

“თავდაპირველი ინფორმაციით ნაკრძალში 2 ბრაკონიერი იყო შესული სანადიროდ. როგორც ბოლოს გაირკვა კონკრეტულ ხეობაში ბრაკონიერთა ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო შესული. პირველი ორ კაციანი ჯგუფი 7 აგვისტოს დილით შსს დახმარებით დავაკავეთ, მე-2 ოთხ კაციანი ჯგუფი კი რეინჯერების “ჩასაფრებაში” მოყვა. ბრაკონიერები ზემოდან ქვემოთ ეშვებოდნენ ნიღბებით და კარაბინებით შეიარაღებულები. მათ რეინჯერების დანახვისას იარაღები გადატენეს და ქვები დაუგორეს, ქვათა ცვენაში 1 რეინჯერი დაზარალდა. მას ქვა თავში მოხვდა და ჭრილობა მიიღო.  რეინჯერი საავადმყოფოში გადავიყვანეთ სადაც ჭრილობა დაუმუშავდა და ნაკერები დაედო. შსს ლაგოდეხის სამმართველო იძიებს რეინჯერებზე თავდასხმის ფაქტს. ინფრმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მიაწოდა შესაბამის უწყებებს”, – განაცხადა გიორგი სულამანიძემ.

მისივე ინფორმაციით, “ბოლო წლებში საკმაოდ გამრავლდა “ნადირი” დაცულ ტერიტორიაზე და მათ სანახავად შორს წასვლაც არ არის საჭირო. სავარაუდოდ ეს არის ბრაკონიერების ბოლო 2 თვეში საგრძნობი გააქტიიურების მიზეზი”.

90-იან წლებში ლაგოდეხის ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. მაგ: 1989 წლის აღრიცხვებით აქ 1400 ირემი და 2500 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ბინადრობდა. ხოლო 1999 წლის არღიცხვებით 70 ირემი და 120 ჯიხვი იყო დარჩენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button