ხინჩეგაშვილს ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი ჩამოშორდა

რუსულ ოლიმპიურ დელეგაციას კიდევ 17 სპორტსმენი გამოაკლდა.

რუსების სიხარული, რომელიც მათ ოლიმპიადაზე დაშვებას უკავშირდებოდა, ნაადრევი გამოდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვერდიქტიდან მე-2 დღესვე ორ სპორტსმენთა დასახელება დაიწყო, რომლებიც რიოში მაინც ვერ გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ სოკ-მა თავის გადაწყვეტილებას დიდი ჩამონათვალიც მოაყოლა, რომლის მიხედვითაც რუსული დელეგაციის გაცხრილვა მოხდებოდა. და აი, უკვე დღეს ცნობილი გახდა, რომ რიოს საგზურები ერთბაშად 17 რუსს სპორტსმენს ჩამოერთვა. ამასთან, როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალეკსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, დასჯილების სხვა ლიცენზირებული სპორტსმენებით ჩანაცვლება ვეღარ მოხერხდება.

ყველაზე მეტად მოცურავეთა გუნდი დაზარალდა, რომელსაც ფაქტობრივად ყველა ლიდერი ჩამოაშორეს. მიხაილ დოვგალიუკი, იულია ეფიმოვა, ნატალია ლოვცოვა და ანასტასია კრაპივინა დოპინგ-სკანდალებში ადრევე იყვნენ გარეულნი, ნიკიტა ლობინცევი, ვლადიმირ მოროზოვი და დარია უსტინოვა კი იმ დასკვნაში მოხვდნენ, რომელიც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე რიჩარდ მაკლარენმა გაახმაურა.

აღნიშნულ სპორტსმენთა გარდა რიოს ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრებიან ველომრბოლები: ილნურ ზაკარინი, კირილ სვეშნიკოვი, სერგეი შილოვი და ოლგა ზაბელინსკა, ნიჩბოსანი ივან პოდშივალოვი და ანასტასია კარაბელშიკოვა, ძალოსნები ანასტასია რომანოვა და ტატიანა კაშირინა და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვიქტორ ლებედევი.

კაშირინა მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა მძიმე წონაში უკვე 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, 6-გზის ევროპის ჩემპიონი და გასული ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. შედარებისთვის. შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატიანამ უმთავრეს კონკურენტ ჩინელ სუპინგ მენგს 8 კგ-ით აჯობა. რუს ძალოსანსვე ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდები როგორც ატაცში, ასევე აკვრასა და ჯამურ მაჩვენებელში.

კაშირინას გამოკლებით რუსულმა დელეგაციამ თითქმის უეჭველი ოქროს მედალი დაკარგა, რისი მიზეზიც ტატიანას 10 წლის წინანდელი ცუღლუტობა გახდა. რუსი ძალოსანი მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც ანტიდოპინგური წესები დაარღვია და იმ დავიწყებულმა ფაქტმა თავი ძალიან ცუდ დროს შეახსენა. მოგეხსენებათ, სოკ-ი ოლიმპიადაზე არცერთი რუსი სპორტსმენის დაშვებას არ აპირებს, რომელთაც კარიერის განმავლობაში თუნდაც ერთხელ დოპინგთან პრობლემები ჰქონიათ. გოლიათი კაშირინაც მათ რიცხვში მოხვდა.

ვიქტორ ლებედევის ამბავი კი ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ იაკუტსკელი სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში იქ ასპარეზობს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იცავს.

28 წლის ლებედევი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონია, ლას ვეგასში გამართულ გასულ მსოფლიო პირველობაზე კი სადაც ოქროს მედალი ხინჩეგაშვილი მოიპოვა, ის ბრინჯაოს დასჯერდა. რუსმა ნახევარფინალი სწორედ იმ ირანელ ჰასან რაჰიმისთან დათმო (0:5), რომელსაც დრამატულ ფინალში ლადომ 5:4 სძლია.

საინტერესოა, რომ ლებედევის ოლიმპიადაზე მოხვედრას წინ დიდი სკანდალი უძღოდა, რომელმაც სათავე მაისში ციმბირში გამართულ რუსეთის ჩემპიონატზე აიღო. 57 კგ-ში ფავორიტებად, ლებედევის გარდა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვს (ფინალში მან ხინჩეგაშვილს 1:0, 4:3 სძლია) და ალექსანდრ ბოგომოლოვს ასახელებდნენ.

ვინაიდან შეჯიბრი ლებედევის მშობლიურ ქალაქში ტარდებოდა და ამასთან, ის სახა-იაკუტიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგორ ბორისოვის სიძეა, თავიდანვე იყო ვარაუდი, რომ ვიქტორის გასაჩემპიონებლად ყველაფერი გაკეთდებოდა. ასეც მოხდა. უკვე მეოთხედფინალში ლებედევს დაღესტნის სახელით მოჭიდავე ისმაილ მუსუკაევთან ფრიად საეჭვო ქულები მიანიჭეს, რასაც ბრძოლის დასრულებისთანავე ჩხუბი მოჰყვა და სამართალდამცავებმა ლეიბის ხალხისგან განთავისუფლება ძლივს მოახერხეს.

დაღესტნის გუნდმა ეს უსამართლობა ვერ აიტანა და დანარჩენ წონებში მათი წარმომადგენლები საჭიდაოდ აღარც გასულან, ლებედევს კი ფინალში ხელი ერთხელაც წააშველეს. ხსენებულ ბოგომაევთან შერკინებისას მსაჯების სიმპათიები ისევ მასპინძლის მხარეს იყო, რამაც დარბაზში აღშფოთება ერთხელაც გამოიწვია. საბოლოოდ, ვიქტორმა ჩემპიონობა მაინც მოიპოვა და მართალია, მოგვიანებით თითქოს სინდისის ქენჯნა იგრძნო და რიოში გამგაზვრებაზე უარს ამბობდა (ასეთ ფასად გამარჯვება არ მიღირსო), ოლიმპიურ გუნდში მაინც აღმოჩნდა.

ლებედევს ცოდვებმა მაშინ უწია, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. რუს ფალავანს სოკ-მა 2006 წლის შემთხვევა გაუსხენა. მაშინ ვიქტორმა იუნიორთა ჩემპიონატში იასპარეზა, თუმცა სისხლში ბოლდენონის კვალი აღმოაჩნდა და მედლის დაბრუნება მოუწია. ამის გარდა, ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მოიხადა. ამგვარად, ლებედევი სოკ-ის მიერ შერისხულთა სიაში აღმოჩნდა და მისთვის პირველი, რიოს ოლიმპიური თამაშები გვერდზე დაურჩა. ფაქტია, რომ მისი არყოფნით ხინჩეგაშვილს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჩამოშორდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button