“ინტერნიუსის” კვლევა: ჰერეთი მიუკერძოებელად მუშაობდა

“ინტერნიუსი – საქართველო“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა”, ფარგლებში  12 რადიომაუწყებლის მონიტორინგს ახორციელებს. ინტერნიუსმა უკვე გამოაქვეყნა კვლევის პირველი შედეგები, სადაც დაკვირვების ობიექტი რადიო ჰერეთიც იყო. 

“რადიო „ჰერეთი“ ქვეყანში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა. წინა წლის მედია მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, გამოშვებებში საგრძნობლად გაიზარდა ცენტრალურ ამბებზე მომზადებული სიუჟეტების რიცხვი, რაც რადიომაუწყებლის დაფარვის არეალის ზრდით აიხსნება, თუმცა „ჰერეთი“ კვლავაც განაგრძნობს კახეთის რეგიონის ამბების ინტენსიურ გაშუქებას.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რადიომაუწყებელმა მონიტორინგის სუბიექტებს 6 საათიდა 15 წუთი დაუთმო. ყველაზე დიდი დროით გაშუქდა მთავრობა (23%), „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (14%) და ბიძინა ივანიშვილი (12%). სუბიექტებს დროის უმეტესი ნაწილი (53%) პირდაპირი საუბრისთვის ეთმობოდათ.

რადიომაუწყებელი ყურადღებას უთმობდა წინასაარჩევნო პროცესებსაც და მცირე დროით არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებსაც აშუქებდა. თუმცა, ამ შემთხევაში ჟურნალისტები განცხადებების მოკლე ციტირებით შემოიფარგლებოდნენ და ნაკლებ სკეპტიციზმს იჩენდნენ.

სიუჟეტები წყაროთა სიმრავლით გამოირჩეოდა. მოვლენების სხვადასხვა რაკურსით გაშუქება ტონთა სიჭრელეზე აისახა.

რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტები პროაქტიულობით გამოირჩეოდნენ. ისინი მწვავე კითხვებს სვამდნენ და დამატებითი ინფორმაციის მოძიებასაც ცდილობდნენ. აქტიურად აშუქებდნენ პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ სპორტულ სიახლეებს. გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს კრიტიკულ კითხვებს უსვამდნენ. ამიტომაც, სუბიექტებს, რომლებიც ხშირად შუქდებოდნენ, უარყოფითი ტონიც დაუგროვდათ.” – ნათქვამია ანგარიშში.

“რადიომაუწყებელი მიუკერძოებელი და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით მუშაობდა. წინა წლებთან შედარებით საინფორმაციო გამოშვების ხარისხი გაუმჯობესებულია. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება კვლავაც დასახვეწია. პოლიტიკური პარტიების ხედვებსა და მათ სამომავლო გეგმებზე კრიტიკული და სიღრმისეული სიუჟეტების მომზადება რადიო „ჰერეთის“ მსმენელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.”

მონიტორინგი 2016 წლის 20 მაისს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე

 

მსგავსი პოსტები

Back to top button