დურუჯი და კაბალი – საშიში მდინარეები კახეთში [სტატია]

მდინარეები დურუჯი და კაბალი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

ამ პრობლემაზე ხალხთან ერთად აქტიურად ლაპარაკობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამ მდინარეებმა მოსახლეობა სხვადასხვა წლებში არაერთხელ დააზარალა. რა კეთდება პრევენციული სამუშაოებისთვის და არის თუ არა მზად ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიასთან გასამკლავებლად?

 
ძლიერი წვიმების დროს მდინარე დურუჯში მომატებული წყლის დონე ადგილობრივებს აღარ უკვირთ, თუმცა მშრალ ამინდში მდინარეში წყალი გაშლილია და მდორედ მოედინება. ამჟამად დურუჯში წყლის დონე ჩვეულებრივზე უფრო მომატებულია, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში უხვი ნალექი რამდენჯერმე მოვიდა. ყვარელში მცხოვრებნი დურუჯისგან შექმნილ საფრთხეზე საუბრობენ:

„წყალი კი არა, ლაფი მოდის, როგორც ზღვის ტალღა. ზემოდან რომ დაიწყებს წამოსვლას, ხმა აქ ისმის. როცა მეწყერი ჩამოწვება ხოლმე, იკეტება სათავეში და შემდეგ დაგუბებული წყალი ერთნაირად მოდის. პრობლემებიც ამ დროს იწყება“.

მდინარე დურუჯი რომ საფრთხეს ქმნის, ამის შესახებ მედიასთან ღიად ლპარაკობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გამგებლის მოადგილე ყვარელში ოთარ ბუჯიაშვილი გვეუბნება, რომ ცოტა ხნის წინ დურუჯი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მოსახლის სახნავ-სათესი დატბორა. ოთარ ბუჯიაშვილი ამბობს, რომ რადგან მდინარე დურუჯის ადიდებისას მუდმივად საფრთხე იქმნება, წლების წინ ცენტრალურმა ხელისფლებამ მათ „კამაცუს“ ტიპის ბულდოზერი აჩუქა. ეს ტექნიკა მდინარეს ნაშალისგან წმენდს, თუმცა ამით პრობლემა არ გვარდება და ის მხოლოდ ერთჯერად შედეგს იძლევა. ბუჯიაშვილის თქმით, ეს ტექნიკა არასაკმარისია და თავდაპირველად, სულ ცოტა, 2 მილიონ- ნახევარია საჭირო, რომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყონ:

„ეს ერთი ტექნიკა, რომელიც მუდმივად მუშაობს, ხან შეიძლება გაფუჭდეს. ამიტომ არ არის საკმარისი. ამ ეტაპზე ყვარელს რომ საშიშროება მოეხსნას, დათვლილი გვაქვს და 2 მილიონ-ნახევარი ლარი მაინც არის საჭირო, რომ გაიწმინდოს და საერთოდ პირველადი პრობლემა რომ მოიხსნას“.

მდინარე დურუჯის შემდეგ კახეთში ყველაზე ღვარცოფულად მიიჩნევა მდინარე კაბალი, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფლის შუა ნაწილზე მოედინება. ამ მდინარის ადიდების შედეგად მოსახლეობა არაერთხელ დაზარალდა. 2009 წელს მოვარდნილმა წყალმა სახლებს საძირკველიც კი გამოაცალა. საფრთხე, როგორც ადგილზე ამბობენ, დღესაც არსებობს. ისევე როგორც ყვარელში, მდინარე კაბალის კალაპოტის გაწმენდაც „კამაცუს“ ტიპის ბულდოზერით ხდება, თუმცა საკრებულოში სოფლის დეპუტატი მირზა ალიევი გვეუბნება, რომ ეს არასაკმარისია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მყარი დამცავი ჯებირების აგება. ალიევის თქმით, ამ სამუშაოების ჩატარება უკვე წლებია იგეგმება, თუმცა პრობლემა ამ თანხის უქონლობაა:

„აქ უნდა აშენდეს ქვის გაბიონები, ბადით და ქვით, ბეტონის ჩაყრაც შეიძლება ნაპირებზე. ნაპირსამაგრის სამუშაოებია საჭირო. მანძილი დიდია, მაგრამ სადაც უფრო საშიში ადგილებია, სადღაც 800 მეტრია სასწრაფოდ გასაკეთებელი. როცა დიდდება კაბალის მდინარე და გადმოდის სოფლისკენ, საბარგულებს აფუჭებს, სახლებს ანგრევს… იყო შემთხვევა, გზები და ხიდებიც კი წაიღო“.

მართალია, მდინარე დურუჯს ამჯერად მოსახლეობისთვის დიდი ზარალი არ მიუყენებია, მაგრამ დურუჯის ისტორია ადგილობრივთა მეხსიერებაში დიდ ტრაგედიას უკავშირდება. 1949 წელს დურუჯის ხეობაში ღვარცოფი მოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სწორედ ამიტომაც ყოველ გაწვიმებას ყვარელში მოსახლეობა შიშით ხვდება. ასეა ლაგოდეხშიც, მდინარე კაბალის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button