ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა უკვე საქართველოშია [Photo/Video]

ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები” ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა. ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა.

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.

ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34701″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button