5 მილიონ ლარზე მეტის მითვისების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო 3 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულები არიან ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს შპს გუნორის ხელმძღვანელი პირები: გიორგი ბორცვაძე, ავთანდილ რეხვიაშვილი და გრიგოლ ყურაშვილი. 

”გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. ბრალდებულთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობის ზიანი,” – ნათქვამია განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს “სისხლის სამართლის კოდექსის” 180-ე და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button