“მაგდა პაპიძეს მეუღლის მკვლელობის სცენარი დღიურში ჰქონდა აღწერილი”

საქართველოს მთავარი პროკურატურა რამდენიმე მტკიცებულებას ასაჯაროებს, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, ჩანს, როგორ გეგმავდა მაგდა პაპიძე მეუღლის მკვლელობას.

კერძოდ, საუბარია პაპიძის დღიურზე, რომელშიც პაპიძე მკვლელობის სცენარს აღწერს, კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ჩანაწერი ნამდვილად მას ეკუთვნის.

“ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი,რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი:

“ურო (ნაჭრით გახვეული),
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად.
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები”

ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი”, – ნათქვამია პროკურატურის მასალაში.

ასევე, პროკურატურამ გაასაჯაროვა რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, მაგდა პაპიძის დანაშაულზე მიუთითებს.

პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან – 5 წლის თორნიკესთან ერთად.

სხვა მტკიცებულებებთან ერთად, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაგდა პაპიძისა და მისი მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი.

ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი.

ასევე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო. დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა – დნმ.

რაც შეეხება შვილს, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზი, პროკურატურის ინფრომაციით, არის ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით, ანუ გაგუდვით”.

“მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მაგდა პაპიძე შვილისა და მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული. მკვლელობა 2015 წლის დეკემბერში თბილისში მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button