“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა”

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს. მანამდე კი, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს.

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლავინდებურად დიდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ 78%-დან 61%-მდე შემცირდა.

ამავე დროს, საზოგადოებაში გაძლიერდა შიში, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. ასე თვლის გამოკითხულთა 45%. 2013 წელს ეს მაჩვენებელი – 30% იყო.

კითხვაზე “ყველაზე უკეთ ვის შეუძლია დღეს დაეხმაროს საქართველოს – ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ რუსეთს?” 33%-მა ევროკავშირს მიანიჭა უპირატესობა, 24%-მა – რუსეთს, ხოლო 17%-მა – აშშ-ს.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 61% თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.

კვლევის მიხედვით, 63%-ს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე სმენია. ამავე დროს, 49%-ი აცხადებს, რომ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ისურვებდა.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button