პირველად საბერძნეთის ისტორიაში – ქალი პრემიერ-მინისტრი

საბერძნეთის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს ხელმძღვანელი – ვასილიკი ტანუ-ხრისტოფილუ, ალექსის ციპრასის გადადგომის შემდეგ, საბერძნეთის გარდამავალი ხელისუფლების მეთაურად ოფიციალურად დაინიშნა. ტანუ-ხრისტოფილუ ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპულოსმა.

სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით, 27 აგვისტოს, ტანუ-ხრისტოფილუმ ფიცი უკვე დადო, ხოლო სრულუფლებიანი პრემიერის რანგში მუშაობას 28 აგვისტოს შეუდგება.

საბერძნეთის კონსტიტუციით, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობის მეთაურის პოსტს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი იკავებს.

რიგგარეშე არჩევნები საბერძნეთში უკანასკნელი 6 წლის მანძილზე მეხუთედ ტარდება.

შეგახსენებთ, ალექსის ციპრასმა, 20 აგვისტოს, გადადგომის შესახებ, განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რომელსაც, ქვეყნის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დანიშნავს.

ტანუ-ხრისტოფილუ, საბერძნეთის ქალაქ ხალკისში, 1950 წელს დაიბადა.მან ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ, სორბონის უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა. 2015 წლის 1 ივნისიდან იგი საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. მშობლიურის გარდა, კიდევ ორ ენას ფლობს – ინგლისურს და ფრანგულს.

ვასილიკი ტანუ-ხრისტოფილუ დაქორწინებულია და სამი შვილი ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button