გლეხები მოსავალს ვერ ყიდიან – გუბერნატორი კი წარმატებებზე საუბრობს

უხვმოსავლიანობის ფონზე წელს კახეთში საზამთროს რეალიზაცია შემცირებულია.

ფერმერების თქმით, უხვმა მოსავალმა გავლენა იქონია საზამთროს საბითუმო ფასზე და 1 კგ ამ ხილის ფასი 10 -დან 15 თეთრის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ნესვს, 1 კგ. ნესვის ღირებულება მაქსიმუმ 50 თეთრია.

ადგილობრივების განცხადებით, ტონობით საზამთრო დაუკრეფავი ფუჭდება. ფერმერები უკმაყოფილო არიან ატმის ფასითაც. მათი ინფორმაციით, წელს შხამქიმიკატები შარშანდელთან შედარებით ძვირი ღირდა, ამიტომ ნაწილმა მოგება ვერ მიიღო.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის თქმით კი, “წელს კახელი გლეხის შრომა ისეა დაფასებული, როგორც არასდროს”.

შიოლაშვილი ამბობს, რომ “წინა წლებთან შედარებით ყველა პროდუქტზე ფასები რამდენჯერმეა გაზრდილი და სახელმწიფომ რეალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შექმნა”.

“მაგალითად ყველა მეზობელ ქვეყანასთან გაიხსნა საზღვრები და გამარტივდა პროდუქციის გატანა უცხოურ ბაზრებზე”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” ირაკლი შიოლაშვილმა.

ფერმერები კი ირწმუნებიან, რომ რეალიზაცია განახევრებულია და წელს დანახარჯის ამოღება ფაქტობრივად ვერ ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button