რუსთავი2-ის წილების ცვლილება ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის წილების ცვლილება ამ დრომდე არ არის ასახული საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. 

რეესტრში  5 ნოემბერს, 17:45 სთ. შესულია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი ადვოკატის პაატა სალიას განცხადება, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებაც ერთვის თან .

რეესტრის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ განცხადება წარმოებაში მიღებულია და ხალვაშის წარმომადგენელის, პაატა სალიას მხრიდან, 200 ლარია გადახდილი, რადგან იმავე დღეს 5 ნოემბერსვე შეცვლილიყო მონაცემები.

განცხადებას თან ერთვის მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება, სადაც კომპანიის დროებითი მართვა “რუსთავი2”-ის კიდევ ერთ ყოფილ დამფუძნებელს დავით დვალს და ტელეკომპანია “იმედის” ყოფილ დირექტორს რევაზ საყევარიშვილს გადაეცა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა, რომელიც უცნობი აღმოჩნდა რუსთავი2-ის ხელმძღვანელობისთვის, სანამ მისი შინაარსი საჯარო რეესტრის გვერდზე არ აიტვირთა. 

განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ “შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი”.

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

მეშვიდე პუნტქტში კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

ამ დრომდე “რუსთავი2”-ის მფლობელებად საჯარო რეესტრის 5 აგვისტოს მონაცემებით, ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები, ტელეკომპანია საქართველო და ნინო ნიჟარაძე რჩებიან. რეესტრის მონაცემების მიხედვით სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორია ნიკა გვარამია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button